დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმგზავრებენ

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთმა სავიზო მიმოსვლა გაამარტვა. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს  პასპორტებს, პეკინის დროით 2024 წლის 28 მაისს 00:00 საათიდან, თავისუფლდებიან ვიზის აღების ვალდებულებისგან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის მიზნით.

თითოეულ შესვლაზე ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, ხოლო ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ორდინალურ პასპორტებს და აპირებენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენას 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან ცხოვრებას, ან მუშაობის დაწყებას, სწავლას, ან მედია საშუალებაში საქმიანობას ან სხვა სახის საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ჩინეთის კომპეტენტური ორგანოებისგან წინასწარ ნებართვას, ვალდებულნი არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლამდე შეიტანონ განაცხადი შესაბამისი ვიზის მისაღებად.

შეგახსნებთ, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობაც გამარტივებულია. კერძოდ, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ვიზის გარეშე შეუძლიათ.

მსგავსი თემები