ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარისგან ბოდიშს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს, რომ ის იმ ადამიანებისგან იქნება უარყოფილი, ვინც თავმჯდომარედ მოიყვანა.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარლამენტის თავმჯდომარე ან ბოდიშს მოიხდის იმ სიტყვებისთვის, რაც მან დღეს აქ იკადრა, ან ის ზუსტად იმ ადამიანების მიერ იქნება უარყოფილი, ვინც იმ იდეალებისთვის იბრძოდა და იბრძვის დღესაც, რომლითაც ის გახდა სწორედ ამ თანამდებობაზე გამწესებული. თუ მან არ იცის ეს რას ნიშნავს, ჩვენ ვაჩვენებთ ეს როგორ ხდება.

მე ამ ბრძოლას რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დამიწყია, გავაგრძლებ ბოლომდე იმ ხალხთან ერთად, ვისაც სჯერა ამისი და ყველა ნახავთ ამის შედეგ რა იქნება საბოლოოდ. სამართლიანობის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტის ტრიბუნიდან.

ეკა ბესელიას გაღიზიანება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ გამოიწვია, სადაც ირაკლი კობახიძემ ბესელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში დაადანაშაულა.

„პოლიტიკური გადახვევა მინდა გავაკეთო. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არის პოლიტიკური მოცემულობა, ეს კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც არის ჩამოყალიბებული, უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

პარლამენტის თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდას უმრავლესობის წევრი სხვა დეპუტატები: ლევან კობერიძე და ლევან გოგიჩაიშვილიც ითხოვენ.

მსგავსი თემები