,,წარმოდგენა არ მაქვს რა უნდოდათ, მოულოდნელად დამარტყეს, დავკარგე გონება” – აქციაზე ნაცემი აშშ-ის მოქალაქე

აშშ-ის მოქალაქე დერილ შვოლცი, რომელსაც გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, ყვება, რომ თავს მოულოდნელად დაესხნენ, დარტყმისას კი დაკარგა გონება. მას თავის ტვინზე ოპერაციას ხვალ უკეთებენ, რის შემდეგად აშშ-ში დაბრუნებას გეგმავს.

,,ჩვენ საპროტესტო აქციაზე ვიყავით, მას ერთი ტრანსპარანტი ეკავა, მე მეორე და შემდეგ, მოულოდნელად, გვერდიდან ვიღაცამ დამარტყა და რაღაცა განათდა. სულ ესაა, რაც მახსოვს. რა უნდოდათ, არ ვიცი. წარმოდგენა არა მაქვს, რას მერჩოდნენ. ჩვენ უბრალოდ ვიდექით და ვიღებდით ყველაფერს, ვავრცელებდით მშვიდობას. ამისთვის ვარ სწორედ აქ, რომ მშვიდობა გავავრცელო. მათ კი მოულოდნელად დამარტყეს, მერე რაღაცა განათდა და გონება დავკარგე. ხვალ ოპერაციას მიკეთებენ და შემდეგ შტატებში უნდა დავბრუნდე რაც შეიძლება მალე. აქ თავს უსაფრთხოდ აღარ ვგრძნობ. თავი საშინლად მტკივა. წუხელ პირველი ღამე იყო, როცა დავიძინე. ორი დღე საერთოდ ვერ ვიძინებდი”, – ამბობს აშშ-ის მოქალაქე.

მომხდარის დეტალებს იხსენებს მისი აფრიკელი მეგობარიც, რომელიც თვეებია საქართველოში ცხოვრობს:

,,მე საქართველოში ვცხოვრობ, ოთხი თვეა რაც აქ ჩამოვედი. თავდაპირველად ეს სიყვარულის გამო მოხდა, ქართველი ქალი შემიყვარდა. მე საქართველო თავიდანვე შემიყვარდა და მივხვდი, რომ ქართველი ხალხი ძალიან ძლიერია სულით. მე სამხრეთ აფრიკიდან ვარ და აქ ჩემს პატარა შვილთან ერთად ვცხოვრობ. მე ყოველ ღამე დავდიოდი საპროტესტო აქციებზე, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ადამიანები მტკიცედ უნდა დადგნენ იმის დასაცავად რისიც სწამთ. ჩვენ ვიდექით ტრანსპარანტებით, როდესაც ჩემს მეგობარს ვიღაცამ დაარტყა და ოთხი ადამიანი დაესხა თავს. მე შევეცადე, რომ მას დავხმარებოდი და რაც შემეძლო გავაკეთე. მას სისხლი მოსდიოდა პირიდან, საშინელება იყო. სიბნელე იყო და ისინი უნიფორმებში იყვნენ. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა,” – აცხადებს დაზარალებულის მეგობარი.

მსგავსი თემები