,,მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, ვეტოთი არ შევალ ყალბ მოლაპარაკებებში, არა და არასოდეს” – პრეზიდენტი

პრეზიდენტი ზურაბიშვილი თბილისში მყოფ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს: ბაიბა ბრაჟეს, მარგუს ცაჰკნას, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირის და გაბრიელიუს ლანდსბერგისის შეხვდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი სიგნალია დღეს მათი აქ ყოფნა და მხარდაჭერა, რისთვისაც პრეზიდენტმა მინისტრებს მადლობა გადაუხადა.

,,დღეს ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მძიმე არის ის წერტილი დასმული, რაც დაისვა გუშინ გუშინდელი გადაწყვეტილებით, 84 ადამიანის მიერ კენჭისყრით. მძიმე წერტილი იმ ხელისუფლების განაცხადისთვის, რომელსაც ჰქონდა განაცხადი, რომ ევროპულ გზაზე მივდიოდით. ეს არის წერტილი რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა. ეს არის გზა, მცდელობა ყოველ შემთხვევაში, რომ საქართველო რომელიც იდგა მყარად შუა გზაზე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში, რომ ამ შუა გზიდან, ამ ძალიან სერიოზული გზიდან გადაყვანილი ყოფილიყო და დაბრუნებული ყოფილიყო წარსულში. ეს არის მცდელობა, რომელსაც ხალხმა, საქართველოს საზოგადოებამ უპასუხა 30 დღის, პრაქტიკულად, ყოველდღიური გამოსვლებით და თავისი პოზიციის დაფიქსირებით”, – თქვა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ეს აჩვენებს, რომ კვლევებში არსებული ციფრები, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, არაა მხოლოდ ციფრებია და რომ ეს საზოგადოება ნამდვილად დგას იმ ღირებულებებზე, რომლებიც ევროპული ღირებულებებია.

,,მე ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ არავითარ შემთხვევაში მე ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი ყალბ, ხელოვნურ, მატყუარ მოლაპარაკებებში, არა და არასოდეს, იმიტომ, რომ მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის დღეს ამ ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, რომ გზა გაეხსნას, მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა”, – თქვა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები