“ოპოზიციის მიტინგების მთავარი შტრიხი მოლოტოვის კოქტეილისა და ქვების სროლაა”- კობახიძე

„თუ დისიდენტური და „ქართული ოცნების“ აქციების მთავარი შტრიხი გულწრფელი ლოცვა და სიმღერა იყო, ახლა რადიკალური ოპოზიციის მიტინგების მთავარი შტრიხი მოლოტოვის კოქტეილისა და ქვების სროლაა“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, რომლის მმართველობის მთავარი საყრდენი 2004-2012 წლებში, სიცრუესთან ერთად ძალადობა იყო.

„ნაცმოძრაობა, რომელიც თავის დროზე გარე ძალებმა ხელისუფლებაში ძალადობითა და ქვების სროლით მოიყვანეს და რომლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ხელისუფლებაში ყოფნისას მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა იყო, დღეს უკვე ოპოზიციის რიგებიდან ძალადობს. სახელმწიფო კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მის უცხოელ პატრონებს, ბუნებრივია, ვერ და არ მისცემს იმის საშუალებას, რომ მშვიდობიანი პროტესტის ქართული კულტურა ძალადობრივი პროტესტის არაქართული უკულტურობით ჩაანაცვლოს. ეს ძალადობა და უკულტურობა, რომლითაც ნაცმოძრაობა ჯერ ხელისუფლებაში გამოირჩეოდა და ახლა უკვე ოპოზიციაში გამოირჩევა, არ არის ქართული და სრულიად უცხოა ქართული კულტურისთვის. საქართველოში მისი დამკვიდრებაც სწორედ იმ შავ ფულს უკავშირდება, რომლის დამალვისთვისაც დღეს ასეთი გამალებით იბრძვიან რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი მეგობრები,“- აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები