„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, ზნე და მორალი არ იცვლება – ანრი ოხანაშვილი

„ოპოზიციის წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის ფარგლებში დაბარებული ჰყავდათ არა კონკრეტული პასუხების მოსასმენად არამედ, იმისთვის რომ ესაუბრათ საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ამიტომ, ჩვენ, საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოძალადეების ზნე არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, ზნე და მორალი არ იცვლება. თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

მისი თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებაზე ფიზიკურად ძალადობდა როცა ატერორებდნენ ხალხს და ახლა ოპოზიციიდან აგრძელებენ ჩვენი საზოგადოების ფსიქოლოგიურ ტერორს.

„შეიძლება ჩემპიონის პრიზი აიღოთ იმდენი ბრიფინგი გაქვთ ჩატარებული, მე მინდა ვკითხო ოპოზიციონერ დეპუტატებს – რატომ არ შეიკრიბეთ დაუყოვნებლივ, როდესაც საჯაროდ, პარლამენტის წევრზე მუხანათური თავდასხმა განხორციელდა, რამ შეგიშალათ ხელი? რატომ არ თქვით, რომ ეს არის დაუშვებელი, ეს არის კრიმინალი, ეს არის დანაშაული და არ შეიძლება ამის წახალისება.

ჩვენ ვხედავდით ცალკეული თქვენგანის მომღიმარ სახეებს და გახარებულები იყავით, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოლეგის მიმართ იკადრა. ამიტომ თქვენ ხართ ძალადობრივი რეჟიმის მხარდამჭერები და ამ ყველაფრის წამხალისებელი. თქვენ შეგეძლოთ პრევენცია მოგეხდინათ რომ გარეთ, მომიტინგეებთანაც მსგავსი რამ არ განხორციელებულიყო, მაგრამ თქვენ გინდოდათ, რომ მშვიდობიან მომიტინგეებში მუხტი გაჩენილიყო, ამიტომ თქვენ ეს მიზანმიმართულად არ გააკეთეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები