„ჭიჭე“, კარგი ხარ!“ – ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

მასთან ერთად განიხილავენ ორ ალტერნატიულ პროექტს – ერთია, „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი და თანმდევი “სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე – „გრანტების შესახებ” კანონსა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”კანონში მომზადებული ცვლილებები.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დააყენა საკითხი, რომ ვინც სხვა გამომსვლელს საუბარს შეაწყვეტინებს, დარბაზიდან გააძევონ, რის გამოც ის უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ შეაქო და უთხრა: „ჭიჭე, კარგი ხარ!“.

ვაშაძემ, კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა შინაარსობრივ საკითხზე იმსჯელონ.

ზარქუა ვაშაძეს დაეთანხმა და თქვა, რომ ვინც სხდომაზე ობსტრუქციას მოაწყობს, უნდა გააძევონ.

„რა შთაბეჭდილება მრჩება – ოპოზიციას არ აქვს სურვილი, აქ მსჯელობა გაიმართოს და საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს, ეს შთაბეჭდილება დამრჩა. გაოცებული ვარ, ბატონ „ჭიჭეს” ვეთანხმები – ვინც მომხსენებელს ხელს შეუშლის და დაიწყებს ობსტრუქციას, გაძევებული იქნას დარბაზიდან. მორჩა! „ჭიჭე”, კარგი ხარ!“,- განაცხადა ზარქუამ.განხილვის პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, ევროკავშირის დროშა გაშალეს. აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს არჩევანს, რაც ევროკავშირში წევრობას გულისხმობს.

მსგავსი თემები