როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა – „ნაპოლი“ ინფორმაციას ავრცელებს

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს:

„სააღდგომო დასვენების შემდეგ, „ნაპოლიმ“ ვარჯიში დღეს, შუადღისას განაახლა და Sscn Konami-ის ცენტრში ივარჯიშა. გუნდი კვირას, „მონცასთან“ გასამართი მატჩისთვის ემზადება, რომელიც 15:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) არის დაგეგმილი.

ფეხბურთელებმა, თავდაპირველად, ფიზიკური ვარჯიში ჩაატარეს, შემდეგ კი ტაქტიკურ ნაწილში ივარჯიშეს. სესია პატარა მოედანზე თამაშით დაიხურა.

რაც შეეხება კვარაცხელიას, მან მოედანზე ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა საქართველ-საბერძნეთის მატჩში მიიღო, რომელშიც ვილი სანიოლის გუნდმა პენალტების სერიაში, 4:2 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ტრავმის გამო, ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ს გასული ტური გამოტოვა, რომელშიც „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. „მონცას“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 7 აპრილს, საქართველოს დროით 17:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი თემები