ქადაგიძე: კატეგორიულ უარს ვაცხადებ ყოველგვარ მონიტორინგზე… წავალ სისტემიდან

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ 11 მარტის პლენუმის სხდომაზე, სადაც ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით განცხადება მიიღეს, განაცხადა, რომ მისთვის კეთილსინდისიერების შემოწმება “კატეგირიულად” მიუღებელია. სხდომის ჩანაწერი გამოცემა ნეტგაზეთმა გამოითხოვა.

ქადაგიძემ აღნიშნა, ყოველგვარ მონიტროინგზე უარს ამბობს და მათი შემოწმების უფლება არავის აქვს.

“მე არ მიცხოვრია ისე, რომ ყოველწლიურ რეჟიმში, კიდევ და კიდევ, მონიტორინგს ვექვემდებარებოდე. როცა მეუბნებით, იქნებ რაღაც დამატებითი მექანიზმი მისაღები იყოს ჩემთვის, ვერანაირი მექანიზმი ვერ იქნება მისაღები, რადგან ყოველწლიურად, და არც ერთი წელი არ გამომიტოვებია, ქონებრივ დეკლარაციას ვავსებ, მზად ვარ, უფრო მეტი შეისწავლონ, უფრო მეტი შეამოწმონ.

შეიძლება, თეორიულად წარმოვიდგინო, რომ ვიღაცას ჩემი კვალიფიკაცია არ მოსწონს, მაგრამ კეთილსინდისიერება ვინ უნდა შემიმოწმოს? მაშინ შეამოწმონ ის ხალხი, ვინც ჩემს კეთილსინდისიერებას შეამოწმებს და ამის შემდეგ შეიძლება კიდევ ვიფიქრო. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ვინ შემამოწმებს. თუნდაც დღეს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ 100%-ით, მე აღარ დავექვემდებარები შემოწმებას, ეს არის ჩემი საბოლოო პასუხი.

თქვენ წინაშე ვდებ ამ პირობას, რომ ცალსახად წავალ სისტემიდან იმიტომ, რომ თუ მე ჩემი ამდენი წელი ცხოვრებით ვერ დავამტკიცე, რომ კეთილსინდისიერი ვარ, მართლა არ ვარ ღირსი, მეკავოს უზენაესი სასამართლოს წევრის პოზიცია, აქ არ არის საუბარი თავმჯდომარეობაზე. ამიტომ, პარლამენტს ხვალ რა აზრი მოუვა და გაუჩნდება, მე ნაკლებად მაინტერესებს. დღეს ეს ჩემთვის სულერთია. მე ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების წესით დავამტკიცე, ვარ კეთილსინდისიერი”, – განაცხადა სხდომაზე ნინო ქადაგიძემ.

მსგავსი თემები