პრეზიდენტი, 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2023 წლის 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს ორბელიანების სასახლეში შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას.

როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, შეხვედრისას პრეზიდენტმა ერთი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა “იმ სამოქალაქო აქტიურობისათვის, რომელმაც თავისი სიტყვა უკვე თქვა და საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა”.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წელს ბევრად მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდების ჩართულობა, არჩევნებზე მისვლა და არჩევნებში მონაწილეობისათვის მობილიზება.

,,თქვენი პასუხისმგებლობაა ეს გზავნილი მიიტანოთ სხვა ახალგაზრდებამდე და იმ ადამიანებამდე, ვინც დღეს საზღვარგარეთ სწავლობს და მუშაობს, რომ ამ საარჩევნო პროცესში მათი ხმა, თქვენს ხმასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გასული წლის მარტში თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა აქციები იმ კანონპროექტების წინააღმდეგ, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის, “ხალხის ძალის” მიერ იყო ინიციირებული.​ ამ კანონპროექტების მიხედვით, “უცხოური გავლენის აგენტად” დარეგისტრირება მოუწევდა ყველა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც შემოსავლის მინიმუმ 20 პროცენტს იღებდნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის აშშ-ის საელჩოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან.

 

მსგავსი თემები