პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის თქმით, ცესკოს მიმართ ნდობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული თავმჯდომარის მოადგილე. მან პარლამენტს სხვა მოტივირებული შენიშვნებიც გაუგზავნა.

,,საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი. მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა, (როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში), ხოლო თუ კანდიდატი ვერ მიიღებს 3/5 -ის უმრავლესობის ხმებს, 1/2 -ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეული იქნება 6 თვის ვადით. მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადოს და შესარჩევი კომისია შექმნას საქართველოს პრეზიდენტმა, შემდეგ კი, შერჩეული კანდიდატურები წარუდგინოს პარლამენტს.

ცესკოს მიმართ ნდობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს წევრებიდან არჩეული თავმჯდომარის მოადგილე და აღჭურვილი იყოს სათანადო უფლებამოსილებებით.

რაც ეხება ცესკოს თავმჯდომარის არყოფნისას მისი უფლებამოსილების განხორციელებას, საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს, ეს უფლებამოსილება განახორციელოს თავმჯდომარის იმ არაპარტიულმა მოადგილემ, რომელიც არჩეულია პარლამენტის მიერ, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კი, ცესკოში ოპოზიციის კვოტით დანიშნულმა მოადგილემ,” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტმა ცვლილებები მესამე მოსმენით 20 თებერვალს მიიღო. მას მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 6 წავიდა. მიღებული კანონით ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ამას გარდა, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

ოპოზიცია აცხადებდა, რომ ამ კანონპროექტით მმართველი გუნდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის დაქვემდებარებაში აქცევს. მათი თქმით, ცვლილებები ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის არცერთ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს.

მსგავსი თემები