ჩხოროწყუს მერთან ფიზიკური დაპირისპირების გამო სპორტის განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან, დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო, მერიის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსი, ედიკ კვარაცხელია დააკავეს.

დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ, იმ დროს მოხდა, როცა მერი სოფელ მუხურში, მიკროჰესის სამუშაოების დასათვალიერებლად იმყოფებოდა. ადგილზე სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი, ედიკ კვარაცხელია მივიდა, მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი ფიზიკური.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი კვარაცხელიას გათავისუფლებას უკავშირდება. ედიკ კვარაცხელია ჩხოროწყუს მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაახლოებით 1 თვის წინ, შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს, მოგვიანებით, გამოძიება 353-ე მუხლით გაგრძელდა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი თემები