,,დაანონსებული გვაქვს შიმშილობის აქცია” – რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათ შესაბამისი წერილით მთავრობის ადმინისტრაციას უკვე მიმართეს, თუმცა, პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ.

ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მათი მოთხოვნების იგნორირების შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და შიმშილობა დაიწყონ.

რესპუბლიკურის თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებასაც პასუხობენ, რომლის მიხედვითაც 350-მდე პირმა საკომპენსაციო პაკეტი აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

“167 ექიმია რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული. მათგან მხოლოდ ერთეულებმა დაწერეს განცხადება კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ. გუშინ გავრცელდა ტელევიზიით ერთი თანამშრომლის ინტერვიუც, რომელიც დააკმაყოფილეს სამსახურით და კომპენსაციით. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის დეკრეტულ შვებულებაში და ბოლო 3 წლის განმავლობაში არ ჰქონია კლინიკური პრაქტიკა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ჩაწერეს სამოტივაციო ვიდეორგოლი, რომ ეს ადამიანი არის ძალიან ბედნიერი, იმიტომ, რომ მიიღო ალტერნატიული შეთავაზება…ჩვენი აქცია გრძელდება, როგორც ხედავთ, ველოდებით პრემიერთან შეხვედრას. ამავე დროს სასამართლომ მიიღო ჩვენი სარჩელი წარმოებაში და ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლასაც და დაანონსებული გვაქვს შიმშილობის აქცია. ველოდებით მოვლენების განვითარებას,” – ამბობს ექიმი ნინო ოთარაშვილი.

მსგავსი თემები