,,სტიქიის შედეგად დაზარალებული არცერთი მოქალაქე არ დარჩება დახმარების გარეშე” – ლერი ბარნაბიშვილი

,,სტიქიის შედეგად დაზარალებული არცერთი მოქალაქე არ დარჩება დახმარების გარეშე”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ამბობს, რომელიც იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს ადგილზე გაეცნო.

მისი თქმით, ამ დრომდე, გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, იწმინდება სოფლებთან მისასვლელი გზებიც. პარალელურად, მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაც.

,,6 თებერვალს განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა, დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ზიანი მიაყენა მოსახლეობას, ინფრასტრუქტურას. სამწუხაროდ, მაღალმთიან აჭარაში არის მსხვერპლი. ახლა ჩვენ ვიმყოფებით იმერეთში, სადაც ბოლო მონაცემებით, დაზიანებულია 600-ზე მეტი სახლი, სკოლები საბავშვო ბაღები. სტიქია განვითარდა ძირითადად ქარის, დიდთოვლობის და ძლიერი წვიმის სახით, რამაც წყალდიდობები გამოიწვია. ზარალი გვაქვს ასევე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში და მაღალმთიან აჭარაში.

მიმდინარეობს გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა. რამდენიმე სოფელი რაჭასა და მაღალმთიან აჭარაში მოწყვეტილია ცენტრს. ხდება გზის გაწმენდა როგორც სოფლებთან მისასვლელი გზების, ასევე პარალელურად ხდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. ასევე, გრძელდება სამუშაოები სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

რაც შეეხება ზარალის მოცულობას, ყველა დასახლებულ პუნქტში და ყველა ლოკაციაზე ვერ ხდება მისვლა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს პირველადი მონაცემები, შესაბამისად მუნიციპალიტეტები ითვლიან ზარალის ოდენობას და მასშტაბებს. რაც შეეხება მოსახლეობის დახმარებას, მინდა გითხრათ, რომ ცენტრალური ხელისუფლება მზადაა და მობილიზებულია. არცერთი მოქალაქე არ დარჩება გვერდში დგომისა და დახმარების გარეშე”, – განაცხადა ბარნაბიშვილმა.

მსგავსი თემები