„აშშ აუცილებლად უპასუხებს, როდესაც ჩვენს ძალებს თავს დაესხმებიან“ – ჯეიკ სალივანი

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების წინააღმდეგ დამატებით დარტყმებს გეგმავს.

სალივანის თქმით, დამატებითი იერიშები იორდანიის ბაზაზე გასულ კვირას განხორციელებულ დარტყმაზე პასუხია.

„ჩვენ ვაპირებთ, მივიტანოთ დამატებითი დარტყმები და ვიმოქმედოთ, რათა გავაგრძელოთ მკაფიო გზავნილის გაგზავნა, რომ აშშ აუცილებლად უპასუხებს, როდესაც ჩვენს ძალებს თავს დაესხმებიან, როცა ჩვენი ხალხი დაიღუპება. რაც პარასკევს მოხდა, იყო ჩვენი პასუხის დასაწყისი და არა დასასრული. იქნება კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი – ზოგი უკვე ნანახი, ზოგი ალბათ ისეთი, როგორიც არ უნახავთ, თუმცა მე ამას არ ვუწოდებ რაღაც ღია სამხედრო კამპანიას“, – განაცხადა სალივანმა NBC-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, 28 იანვარს იორდანიაში, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა. მომხდარის შედეგად სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, 40-ზე მეტი პირი კი დაშავდა. აშშ აცხადებს, რომ დრონი, რომლითაც დარტყმა განხორციელდა, ირანული წარმოების იყო. ამის შემდეგ აშშ-ის ძალებმა იერიშები მიიტანეს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებების 85 სამიზნეზე, რის შედეგადაც 40-მდე ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი თემები