,,საბჭოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა”- იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაეს სასამართლოში გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ”საბჭოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა და წლების განმავლობაში მიზანმიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანიის ნაწილს წარმოადგენს”.

,,უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ საბჭო, ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას, ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მოცემულ შემთხვევაშიც, მითითებული პროცედურის დაწყება გამოწვეულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის 1-ლი პუნქტით საბჭოსათვის დაკისრებული ვალდებულებით, კერძოდ:

აღნიშნული ნორმის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონით დადგენილი წესით იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურას. ამდენად, კანონი აწესებს საბჭოს შემზღუდავ ვადებს მხოლოდ შემდეგი თვალსაზრისით: 1) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მომენტიდან ერთი თვის ვადაში საბჭომ უნდა დაიწყოს შერჩევის პროცედურა; 2) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე მინიმუმ 3 თვით ადრე საბჭომ უნდა დაიწყოს შერჩევის პროცედურა. ამდენად, ცალსახაა, რომ ამ შემთხვევაში შერჩევის პროცედურისათვის გათვალისწინებული ვადა არ უნდა იყოს 3 თვეზე ნაკლები, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე შერჩევის პროცედურა დაიწყოს 3 თვეზე ადრე, რათა უზენაეს სასამართლოში შესაბამისი ვაკანსიების არსებობამ არ შეაფერხოს მართლმსაჯულების გონივრულ ვადაში განხორციელება,”- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია არნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურაც, ამ საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, ევროსაბჭოს წევრ ყველა სახელმწიფოში უნდა დაიწყოს მინიმუმ 1 წლით ადრე მაინც.

,,საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – ალექსანდრე წულაძე 2023 წლის 28 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ, რის გამოც მას ვადამდე შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილება. ამდენად, საბჭოს წარმოეშვა ვალდებულება – არაუგვიანეს 2024 წლის 28 იანვრისა დაეწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურა მის თანამდებობრივ ვაკანსიასთან მიმართებით.

გარდა ამისა, ასევე ცნობილია, რომ 2024 წლის ოქტომბერში უფლებამოსილების ვადა ეწურება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კიდევ ორ მოსამართლეს. ამდენად, მათ თანამდებობრივ ვაკანსიებთან მიმართებაშიც საბჭოს წარმოეშვა ვალდებულება – უფლებამოსილების ამოწურვამდე მინიმუმ 3 თვით ადრე მაინც დაეწყო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ კანონი არ ზღუდავს საბჭოს – შერჩევის პროცედურა დაიწყოს უფრო ადრეც, პროცედურის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.

საყურადღებოა შემდეგი გარემოებაც: ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის 1-ლი პუნქტით ვადები განისაზღვრა 2019 წლის 1 მაისის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურა არ იყო ისეთი კომპლექსური და მრავალეტაპიანი, როგორიც არის ამჟამად; აღნიშნულ კანონში 2020-2023 წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ეს პროცედურა მნიშვნელოვნად გართულდა: მათ შორის დაემატა რამდენიმე ეტაპიანი გასაჩივრების პროცედურები და ა.შ. შერჩევის პროცედურის გართულების კვალდაკვალ, უცვლელი დარჩა 2019 წელს განსაზღვრული ვადები და აშკარაა, რომ 3-თვიან ვადაში შერჩევის პროცედურის დასრულება მნიშვნელოვან სირთულეებს შეიძლება დაუკავშირდეს, რის გამოც საბჭომ მიზანშეწონილად ჩათვალა – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3-ვე ვაკანსიაზე შერჩევის პროცედურა დაეწყო ერთიანად, ისევ და ისევ პროცედურის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად,”- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მსგავსი თემები