საქართველოში, გარდაცვალების შემდეგ ორგანოების დონორობის სურვილი 1 000 მოქალაქეს აქვს გაცხადებული

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ორგანოს გაცემა სიცოცხლეში შესაძლებელია მხოლოდ ახლო ნათესავთა გარკვეული წრისთვის ან მეუღლისთვის გადასანერგად ან “დონორთა გაცვლის პროგრამაში” მონაწილეობის შემთხვევაში. 2015 წლიდან დონორი შეიძლება ასევე გახდეს ახლო ემოციური სიახლოვის მქონე პირი, მაგალითად მეგობარი, ნათლია და სხვა.

დონორობა უფასო, ნებაყოფლობითი, ალტრუისტული ქმედებაა და ორგანოს ან ქსოვილის გაცემაზე თანხის ან სხვა რაიმე მატერიალური საზღაურის მიღება საქართველოში არსებული კანონმდებლობით კრიმინალურ ქმედებად ითვლება და თავისუფლების აღკვეთით 8-იდან 15 წლამდე ისჯება.

ამ დროისთვის საქართველოში მხოლოდ ცოცხალი დონაცია მოქმედებს და გვამური დონაცია განვითარებული არ არის, თუმცა 1000 მოქალაქე აცხადებს თანხმობას გარდაცვალების შემდეგ ორგანოების დონორი გახდეს.

ამისთვის მოქალაქეს შეუძლია საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის საინფორმაციო ბანკში მისვლით დარეგისტრირდეს ან ონლაინ განაცხადოს თანხმობა.

„მათ გადაეცემათ დონორის ბარათი, სადაც წერია სახელი, გვარი, პირადი ნომერი. საკმაოდ გაიზარდა საქართველოში მათი რიცხვი, ვისაც აქვს სურვილი დონორი გახდეს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო 100,150,200, 250, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში, რასაც ვუკავშირებ მასმედიის აქტიურობას, 1000-მდე ავედით. ეს რა თქმა უნდა 4 მილიონიანი ქვეყნისთვის ძალიან ცოტაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ უკან არიან ამდენივე ადამიანი, ვინც იცის, რომ ვიღაცას აქვს დადებითი განწყობა დონაციის მიმართ. რეესტრში 1000 ადამიანი ფიქსირდება, თუმცა ყველას არ აქვს აღებული ბარათი. ისინი უფრო მეტად ახალგაზრდები არიან.

გვამური დონაცია ნიშნავს, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ 8 სხვა ადამიანს შეუნარჩუნო სიცოცხლე. ორგანოებმა შეიძლება მინიმუმ 8 ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე. ორი არის თირკმელი, ღვიძლი, ფილტვი, გული, ნაწლავი. 10-იც შეიძლება გამოვიდეს, რადგან ღვიძლი შეიძლება ორად გაიყოს, ასევე პანკრეასი.

საერთაშორისო ტრანსპლანტოლოგთა დევიზია: „ნუ წაიღებთ თქვენს ორგანოს საიქიოში, საიქიომ იცის, რომ ის ჩვენ გვჭირდება აქ“.

საქართველოში, ჯერჯერობით, არც ერთი შემთხვევა არის გარდაცვლილის ორგანოების გამოყენებით განხორციელებული“, – აცხადებს საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გია თომაძე.

მსგავსი თემები