გამოკითხულთა აზრით, რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს – NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა აზრით, რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

კითხვაზე, რა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს – 27 პროცენტი რუსულ სამხედრო აგრესიას ასახელებს. 13 პროცენტი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, ხოლო 11 პროცენტი რუსულ პროპაგანდას.

გამოკითხვის თანახმად, ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება დაეხმარება. ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში გამოკითხულთა 29 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას ასახელებს, 20 პროცენტი ნატო-ში გაწევრიანებას.

NDI-ის კვლევის თანახმად, ევროკავშირთან პარტნიორობას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა თბილისში აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში. ეთნიკური უმცირესობები უფრო მეტად უჭერენ მხარს მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან.

გამოკითხვის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირთან პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის მარტთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია და 60 პროცენტს შეადგენს.

მსგავსი თემები