შავით თეთრზე წერია, რომ მისამართი უნდა გაასწოროთ, გზები არ აგერიოთ – ლევან ხაბეიშვილი

შავით თეთრზე წერია, რომ მისამართი უნდა გაასწოროთ, გზები არ უნდა აგერიოთ, თუ ვინმე აპირებს პარტიიდან გასვლას და სხვა პარტიის გაკეთებას, მოუწევს კონკრეტული ბედის გაზიარება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია.

„პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია სააკაშვილი. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ყველა თემაზე, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქეს, მათ ინტერესებს. ცხადია, უყურებს პრეზიდენტი სააკაშვილი სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის განცხადებებს, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც რამდენიმე კვირის ან თვის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით საუბრობდნენ და დღეს მათი პირადი პოზიცია აბსოლუტურად აცდენილია ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ინტერესებს. გარკვეული ადამიანების ინტერესი არის აბსოლუტურად სხვა, ჩვენდა სამწუხაროდ. ამიტომ, მე მგონი, ამას ის ადამიანები მიიღებენ, ვინც სხვადასხვა ეთერს და დროს იყენებენ იმისთვის, რომ ლანძღონ „ნაციონალური მოძრაობა“. ყველა ჯერზე ხედავს პრეზიდენტი სააკაშვილი, კონკრეტული ადამიანები ლანძღავენ მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“. მანდ შავით თეთრზე წერია, რომ მისამართი უნდა გაასწოროთ, ჩვენთვის დასამარცხებელი მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი, „რუსული ოცნება“ და, შესაბამისად, გზები არ უნდა აგერიოთ, ვინმე თუ აპირებს პარტიიდან გასვლას და სხვა პარტიის გაკეთებას, მოგიწევთ კონკრეტული ბედის გაზიარება. არ მინდა, მე სახელის და გვარების დასახელება, არ არის ჩემს ინტერესში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

მსგავსი თემები