უმუშევრობის და სიღარიბის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული – პრემიერი

რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, მაგალითისთვის გეტყვით, რომ მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 42 000-ით და შეადგინა უკვე 737 000, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზოგადად, უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული.
„სიღარიბის დონეც არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული  და ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე –  5.5 მლრდ დოლარი არის ქვეყნის ეროვნული რეზერვები. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება, მდიდრდება და ამას სჭირდება შენარჩუნება. ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი და რა თქმა უნდა. ამ ტემპებს სჭირდება შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება.
ასევე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ინფლაციის დონეს, როგორც მოგახსენეთ, 0.9% არის ინფლაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს ქვემოთ ნარჩუნდება ინფლაციის დონე. ფასები, როგორიც არის, მაგალითად საწვავი, მედიკამენტები, სურსათის ფართოდ მოხმარებადი პროდუქტები, არის ამ პროდუქტებზე დაკლებული ფასები, რეგულარულად შევამოწმებთ. მე რამდენიმე დღის წინ მქონდა საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, მასაც მივმართე თხოვნით, რომ კიდევ ერთხელ შეამოწმოს, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მიმდინარეობს  ზოგადად მარჟების დაწესება ძირითად მოხმარებად პროდუქტებზე.
ჩვენ ამ საქმიანობას გავაგრძელებთ, კოორდინირებულ მოქმედებას ეროვნულ ბანკთან ერთად“, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 

მსგავსი თემები