,,ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის შესაძლებელია” – ოლივერ ვარჰეი

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ EURACTIV-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები და ბლოკი ძალისხმევას გაორმაგებენ.

მისი თქმით, ევროკომისია ოქტომბერში, გაფართოებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი წინადადებების გაკეთებას გეგმავს.

,,ყოველთვის არსებობდა კითხვა: გვინდა თუ არა ამის გაკეთება? და ევროსაბჭოსგან პირველად მესმის, რომ მათ ამის გაკეთება სურთ – ეს მისასალმებელია,” – განაცხადა ვარჰეიმ.

როგორც მან აღნიშნა, გაფართოების გეგმა, რომელიც მომავალ თვეში იქნება წარმოდგენილი, კანდიდატების ევროკავშირში ინტეგრაციას დააჩქარებს.

,,ეს გეგმა დააჩქარებს ამ ქვეყნების არა მხოლოდ ინსტიტუციურ, არამედ რეალურ ინტეგრაციას ევროკავშირში. ის მოიცავს ყველაფერს, დაწყებული რეფორმებიდან კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ეკონომიკური რეფორმებისა და ინტეგრაციის სფეროში, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, დამთავრებული ფინანსური მხარდაჭერით, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რათა აღმოიფხვრას განვითარებაში ხარვეზები სანამ ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდებიან”, – განაცხადა ევროკომისარმა.

მსგავსი თემები