,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და ,,კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, 13 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და ,,კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, 13 პირს ბრალდება წარუდგინა.

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერების აქტიური ჩართულობით ,,ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ, მოქალაქეებს შორის არსებულ ქონებრივ დავებს იხილავდნენ, მხარეების ქმედებებს აფასებდნენ და მატერიალური სარგებლის გადაცემას ითხოვდნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერთან არსებული ქონებრივი დავის გადაწყვეტის მიზნით, ორმა პირმა საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდს“ დავის გადაწყვეტის მიზნით, ,,ქურდული გარჩევისთვის“ მიმართა.

სამ პირს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223(1)-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; რვა ბრალდებულს – სსკ-ის 223(3)-ე მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო ორ პირს ბრალდება სსკ-ის 223(4)-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყარო წევრისათვის“ მიმართვა) წარედგინა, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ცამეტივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის  შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება.

მსგავსი თემები