„როდესაც არსებობს საკმარისი და სანდო ინფორმაცია, ჩვენ ვმოქმედებთ“ – კელი დეგნანი სანქციებზე

საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და როდესაც საკმარის და სანდო ინფორმაციას მიიღებენ კორუფციის ან სხვა უკანონო საქმიანობის შესახებ, შესაბამისად მოქმედებენ.

ელჩმა მედიასთან დასანქცირებული მოსამართლეების საქმეც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ისინი ხელს უშლიდნენ ქვეყნის განვითარებას.

„თქვენ ნახეთ სავიზო სანქციები 4 კორუმპირებული მოსამართლის წინააღმდეგ, ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოში ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის გარეშე, ვერასდროს გექნებათ ძლიერი, ჯანსაღი დემოკრატია, უმნიშვნელოვანესია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, ბიზნეს დავების მოსაგვარებლად და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დასაცავად. ასე რომ, როდესაც არსებობს საკმარისი სანდო ინფორმაცია, ჩვენ ვმოქმედებთ, როდესაც ეს ხელს უშლის იმას, რაც ასეთი არსებითია ქართველებისთვის მათი სასურველი მიზნის მისაღწევად იყვნენ ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი“ – აღნიშნა კელი დეგნანმა.   

მსგავსი თემები