,,ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა”- სალომე ზურაბიშვილი

ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტირების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,  სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა.

„დღეს, ამ საზოგადოებას გაუგებრობის და შეურაცხყოფის შერეული განცდაც დაეუფლა. ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენ პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, განსაკუთრებულად უნდა იცავდეს სტაბილურობას. სწორედ, ამიტომ ხელისუფლებას ევალება, რომ არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ ვნებათაღელვა და ესკალაცია მოჰყვება. ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა. ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. უნდა იცოდე ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან, ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტირების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები