„ბოლო წლებში კიდევ დაემატა ისეთი საშინელი რამ, რაც არის ბავშვებისათვის სქესის შეცვლა“ – მეუფე შიოს ქადაგება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ  შიოს ქადაგებით, ბოლო წლებში აქტიურად მიდის ბავშვებისთვის სქესის შეცვლის დანერგვის წახალისება. აღნიშნულის შესახებ მეუფემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით იქადაგა.

„მინდოდა მეთქვა ასევე, რომ ბოლო წლებში კიდევ დაემატა ისეთი საშინელი რამ, რაც არის ბავშვებისათვის სქესის შეცვლა, სქესის შეცვლის დანერგვა  და ამის წახალისება. ვინც ამ ყველაფერს ეთანხმება და აკანონებს, ისინი ხშირად საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ხედავენ ან არ უნდათ მთავარი რამის დანახვა, რომ ადამიანს აქვს მთავარი უფლება, რომ უბრალოდ, დაიბადოს და იცხოვროს ამ ქვეყანაზე. მაშინ იბადება კითხვა – რის საფუძველზე ართმევენ პატარა ბავშვს ამ უფლებას და რის საფუძველზე მიიჩნევა დედის მუცელში ასეთი ბავშვის მოკვდინება კანონიერ საქმედ?

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ოჯახის დაცვა, ტრადიციული ქორწინების დაცვა, სიცოცხლის დაცვა, ეს არის ნამდვილი ბრძოლა ნამდვილი ადამიანის უფლებებისთვის. ეს არის ბრძოლა სიცრუესთან, ბოროტებასთან და, შეიძლება ითქვას, ეს არის ბრძოლა სიკვდილის კულტურასთან. ის ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე, იწოდება სიკვდილის კულტურად და არა სიცოცხლედ“ – აღნიშნა მეუფემ.

მსგავსი თემები