,,ხელისუფლების გადაწყვეტილება ბადებს კითხვებს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით”- სტანო რუსეთთან ფრენებზე

,,საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება იწვევს შეშფოთებას და ბადებს კითხვებს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით,”- ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი პიტერ სტანო რუსეთთან ფრენების აღდგენას.

მისი თქმით, საქართველოს მიერ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა დაეცა უკვე ისედაც დაბალი 44%-იდან 31%-მდე.

,,ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ მიიღო რუსეთიდან და რუსეთში ფრენების განახლების გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რუსეთმა ფრენებზე აკრძალვა მოხსნა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი და სასტიკი ომის გამო ევროკავშირმა დაუწესა სანქციები რუსეთის ავიაციის სექტორს, რის შედეგადაც ევროკავშირის ქვეყნები და პარტნიორები კრძალავენ ფრენებს რუსეთიდან, რუსეთში და რუსეთის თავზე.

საქართველოს ხელისუფლების ეს ბოლო გადაწყვეტილება იწვევს შეშფოთებას და ბადებს კითხვებს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით და იმ შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებით, რომლებიც ასოცირების შეთანხმებაში არის გათვალისწინებული.

სამწუხაროდ, საქართველოს მიერ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა დაეცა უკვე ისედაც დაბალი 44%-იდან 31%-მდე. ეს ნამდვილად იწვევს ჩვენს შეშფოთებას და ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. გარდა ამისა, ნება მომეცით გავიმეორო, რომ გაეროს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოიჩინოს ზოგადი სიფრთხილე რუსეთის ავიაციის სექტორის უსაფრთხოების დონესთან დაკავშირებით”, – განაცხადა პიტერ სტანომ.

მსგავსი თემები