,,ბიძინა ივანიშვილი 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას“- ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ლაშა კალანდაძე Credit Swiss საქმეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, ბიძინა ივანიშვილი 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას.

,,საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ უკანონო, მათ შორის, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილი ფულადი სახსრებისა და აქტივების განკარგვასთან დაკავშირებით შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების თაობაზე.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი არის, ბიძინა ივანიშვილმა დანაშაულს გადარჩენილი თანხების დიდი ნაწილი გადაიტანა სხვა შვეიცარიულ ბანკში. Credit Suisse-ს აღნიშნული თანხებთან მიმართებით რაიმე ინტერესი ვეღარ ექნებოდა, რადგან თანხები, როგორც ითქვა, აღარ ირიცხებოდა Credit Suisse-ში, ის გადატანილი/განთავსებული იყო სხვა ბანკში. სხვა ბანკში გადატანილი აქტივების მმართველად კი დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე.

ტრასტის ფუნქცია ბენეფიციარების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედება რომ არის, დამატებით აღარ გავამახვილებთ ყურადღებას. უნდა ითქვას, რომ ტრასტი თავის ვალდებულებებს მეტ-ნაკლები წარმატებით თავს ართმევდა 2022 წლის მარტამდე.

შემდეგ ეტაპობრივად შეიცვალა ტრასტის დამოკიდებულება თავისი ვალდებულების შესრულების მიმართულებით. ტრასტი სხვადასხვა უსაფუძვლო/გამოგონილი/ხელოვნური მიზეზებით შეეცადა, მინიმუმ, თავისი პასუხისმგებლობის შესრულების დროში გაჭიანურებას და, მაქსიმუმ, მის თავიდან არიდებას.
აღნიშნული კი გამოიხატა შემდეგში:

ტრასტმა, თავდაპირველად, თანხების გადმორიცხის შეფერხების საფუძვლად მიუთითა „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“. ტრასტი ორი თვის განმავლობაში აღნიშნული მიზეზით უარს ამბობდა თანხების გადმორიცხვაზე. შემდეგ ტრასტმა, თანხა რომ არ გადმოერიცხა, ახალი საბაბი, ევროპარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია, მოიმიზეზა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ევროპულ საბჭოს არ ჰქონდა რეზოლუცია გაზიარებული,”- წერს ადვოკატი.

როგორც ადვოკატი წერს, აშკარა იყო, რომ ტრასტი ცდილობდა, არ შეესრულებია ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულის გამო მოსარჩელეთა მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილების ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, სასამართლოსთვის მიმართვის გზით.

,,ფაქტიურად, გამოდის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აღსდგა წვდომა აქტივების, მათ შორის, ფულადი სახსრების დიდ ნაწილზე, თუმცა იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული, ვერ ხერხდება სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლების, აქტივებზე წვდომის, პრაქტიკული რეალიზება. ამდენად, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას“,- წერს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.

მსგავსი თემები