,,ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს. პრეზიდენტი სააკაშვილი ახლა 65 კილოგრამს იწონის და ის მძიმედაა მოწამლული, რუსეთის და პუტინის საუკეთესო პრაქტიკით,”- ამის შესახებ გიორგი ჩალაძემ სტრასბურგში, ევროპარლამენტში მრგვალი მაგიდის ფორმატში განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები, სხვა შემთხვევაში პუტინი გაიმარჯვებს.
,,ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, რომ სააკაშვილი მოწამლეს მძიმე მეტალებით. ტოქსიკოლოგიური ტესტი ჩატარებულია კალიფორნიაში და მეორე ანგარიში შეადგინეს მსოფლიოში ცნობილმა ტოქსიკოლოგმა ექსპერტებმა. ჩვენ გვყავდა მოწვეული ექიმები, რომელთა შორისაც იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები. მიხეილ სააკაშვილს ახლა უწოდებენ ევროპის აგენტს. მას ევროპის ჯაშუში უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც იცით, სულ ახლახანს მოქალაქეებმა საქართველოში გააპროტესტეს ე.წ. რუსული კანონი, რომელიც წარმოადგნდა რუსეთში მიღებული კანონის ანალოგს და მიმართული იყო სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ. სწორედ ამის შემდეგ სააკაშვილს უწოდეს თავისუფალი სამყაროს ჯაშუში, აგენტი. მინდა, გითხრათ, რომ ის ბედნიერი და ამაყია, იყოს ევროპის, თავისუფალი სამყაროს, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ჯაშუში“, – განაცხადა ჩალაძემ.