„უნდათ ახალგაზრდული ენერგიის გამოყენება, რომ ძალაუფლება დაიბრუნონ და საქართველო ახალ უბედურებაში შეიყვანონ“ – ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობს“ მათი მმართველობის პერიოდს ახსენებს და ამბობს, რომ მათი ზნის შეცვლა შეუძლებელია. დეპუტატი ვანო მერაბიშვილი ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ის ძალადობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ სწორედ მისი მითითებით აწამებდნენ და კლავდნენ ადამიანებს.

„უმოწყალოდ არბევდნენ მიტინგებს. კი არ შლიდნენ მიტინგს, საზოგადოებრივ წესრიგს კი არ იცავდნენ, არამედ მიტინგების უმოწყალოდ დარბევა ხდებოდა. ალბათ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ კადრები გულწრფელ პროტესტანტებსაც, რომ ამ ადამიანებმა, ახალგაზრდებმა დაინახონ, რომ მათი პროტესტი იმიტომაც იყო მისაღები საზოგადოებისთვის, რომ სულ სხვა საქართველოში ჩატარდა, არა იმ საქართველოში, რა საქართველოსაც ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი განასახიერებდნენ.

მასობრივი ხასიათი ჰქონდა პროტესტის უკიდურესად უმძიმესი მეთოდებით ჩახშობას, მიტინგებზე მკვლელობების ჩადენას, მიტინგებიდან ხალხის გატაცებას, ბნელ კუთხეებში ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორების მოწყობას, მიზანმიმართულ დასახიჩრებას სატელევიზიო კამერების წინ, რათა მთელ საქართველოში შიში ყოფილიყო რაიმე პროტესტის გამოცხადებისა. აღარაფერს ვამბობ იმ ინდივიდუალურ ტერორზე, რომელიც ყველა ბიზნესმენს გაატარეს“ – აცხადებს დეპუტატი.

მისი თქმით, არის მცდელობა ახალგაზრდები გამოიყენონ.

„ამ ადამიანებს უნდათ ახალგაზრდული ენერგიის გამოყენება, რომ ძალაუფლება დაიბრუნონ და საქართველო ახალ უბედურებაში შეიყვანონ“ – აღნიშნავს ქადაგიშვილი.

მსგავსი თემები