,,ექსპერტიზის შედეგი არის დადებითი ბრალდების მხარისთვის“- ბადრი ესებუას ადვოკატი

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას უფლებადამცველის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, ბრალდების მხარემ ოდოროლოგიური ექსპერტიზა ისე ჩაატარა, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

,,ბრალდების მხარე გეგმავს მტკიცებულებების გამოკვლევას. როცა ბრალდების მხარემ ჩანიშნა ოდოროლოგიური ექსპერტიზა, ჩვენ შუამდგომლობა დავაყენეთ ბრალდების მხარის წინაშე, რათა ჩვენი წარმომადგენლის მონაწილეობით ჩატარებულიყო ეს ექსპერტიზა, თუმცა აღმოჩნდა, რომ 7 მარტს გადაიგზავნა საექსპერტო ბიუროში აღნიშნული საექსპერტო კვლევისთვის ნიმუშები და 8 მარტს გაცემული იყო ამ ექსპერტიზის დასკვნა. როგორც იცით ოდოროლოგიური ექსპერტიზა ტარდება საქართველოში შსს-ს სპეციალურ კრიმინალისტურ საექსპერტო დაწესებულებაში, რომლის ანალოგი სამწუხაროდ არ არის და დაცვას არა აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ექსპერტიზის ეს დასკვნა. ამის ალტერნატიული დასკვნა არ არსებობს, ამიტომაც ვითხოვდით ჩვენ, დაცვის მხარე, ჩვენი წარმომადგენლით ყოფილიყო ჩართული ამ ექსპერტიზის პროცესში, თუმცა როგორც იცით შუამდგომლობაზე პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია და ექსპერტიზის დასკვნა უკვე დასრულებულია. შესაბამისად, ბრალდების მხარე დღეს მას წარმოადგენს პროცესზე. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩქარობს, არ უნდა ამ საქმეზე მტკიცებულებების წარმოდგენაში, სანდოობაში გამჭვირვალობა და ფაქტობრივად აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, ანუ მტკიცებულებებს ფალსიფიცირებით უნდა შექმნას ისეთი მტკიცებულებები რაც მას ფონს გაიყვანს და მისთვის სასურველ შედეგს მიაღწევს ამით. როგორც ვიცი ექსპერტიზის შედეგი არის დადებითი ბრალდების მხარისთვის“,- განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

მსგავსი თემები