,,სასაცილო და აბსურდია, რასაც კობახიძე ამბობს”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონი ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აბსურდულს და ტრაგიკულს უწოდებს. ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უფრო და უფრო შორდება იმ იდეას, რომელზეც დგას ევროკავშირი.

,,სიტყვები არ მაქვს ირაკლი კობახიძის განცხადების შესაფასებლად. მან კარგად იცის, რომ რასაც ჩვენზე ამბობს, სიმართლე არ არის. კობახიძემ განათლება გერმანიაში მიიღო, სიტყვით გამოდიოდა დიუსელდორფში. სასაცილო და აბსურდია, რასაც ახლა ის ამბობს. ჩვენ აქ დემოკრატია გვაქვს, რეზოლუციას მხარი ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან დაუჭირეს. ეს ხომ არ არის ერთპარტიული გადაწყვეტილება ან ერთი პარტიის ზეწოლა. რა კავშირი აქვს ამას საბჭოთა კავშირთან? რა აბსურდი და უცნაურია, უფრო სწორად, ტრაგედიაა. რა დაემართათ ამ განათლებულ ადამიანებს, ვინც განათლება ევროპაში მიიღო? ეს ტრაგედიაა.

ისინი უფრო და უფრო შორდებიან იმ იდეას, რომელზეც დგას ევროკავშირი. ყველა გადაწყვეტილება, რასაც ისინი იღებენ ბოლო თვეების თუ წლების განმავლობაში, უფრო და უფრო რთული გასაგებია, რეალურად რა სურთ მათ. დიახ, ჩვენ სულ კრიტიკულები ვიყავით, მე უნდა ვიყო კრიტიკული, რადგან ჩვენ არავინ ვართ სრულყოფილები და პირიქით, კრიტიკა უნდა იყოს მისაღები, მაგრამ კრიტიკა და ბრალდებები საფუძვლის გარეშე ერთნაირი არ არის. საბჭოთა კავშირის წოდება ან მასთან შედარება, არ არის კრიტიკა. ეს სამსჯელოც კი არ არის. მე ჩამოვდივარ მალე საქართველოში და იმედს ვიტოვებ, რომ ისევ არსებობს თანამშრომლობის რესურსი. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, – განაცხადა კრამონმა ”ტვ პირველის” ეთერში.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განცხადა: „ამ შემთხვევაში საზოგადოება ხედავს ყველაფერს. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და პირდაპირ ვიტყვი, ასეთი გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც შეშურდებოდა.”

მსგავსი თემები