სტიქია სამეგრელოში – 600-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი დაუზიანა

სამეგრელოში ძლიერი ქარისგან შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება, მიმდინარე და ჩასატარებელი სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ რეგიონის მერებთან ერთად განიხილა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

„ორდღიანმა სტიქიამ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს რეგიონს. უკვე მიმდინარეობს ზარალის დათვლა,გვაქვს პირველადი მონაცემები, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგალითად, 600-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი დაუზიანა, მათ შორის 30 არის საცხოვრებელი კორპუსი. ასევე დაზიანებულია სამი საჯარო სკოლის სახურავი. ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქ ფოთის უმეტეს ნაწილს და რეგიონის სამოცამდე სოფელს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მობილიზებული ჰყავს ბრიგადები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, მიმდინარეობს სამუშაოები და ვარაუდობენ, რომ თუ ქარი ჩადგება, დღის ბოლომდე შეძლებენ დაზიანებული ობიექტების აღდგენას, თუმცა ხედავთ, რომ მეტეოროლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ.

მათივე ცნობით, სენაკში ქარისგან მოგლეჯილი ხე სამარშრუტო ტაქსს დაეცა, დაშავდა სამი მგზავრი, რომლებიც სენაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მოგლეჯილმა ხეებმა პრობლემები შექმნა მოძრაობის მხრივ, დაზიანდა ტროტუარები, თუმცა მუნიციპალური სამსახურების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხდა გზების გახსნა. ასევე დაზიანდა ბუნებრივია აირის მილები. მაგალითად ფოთში კუნძულის უბანში დაზიანებულია გაზის მილსადენი, სადაც მუშაობს სამაშველო სამსახურთან ერთად “სოკარ ჯორჯია გაზი”, აღდგენით სამუშაოებზე. ანალოგიური სიტუაციაა ხობში, სადაც აგრეთვე მუშაობენ სპეციალისტები ბუნებრივი აირის მიწოდების აღსადგენად.

სახელმწიფო რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალურ სამსახურებს, რომლებიც უკვე მეორე დღეა, 24 საათიან რეჟიმში, ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში მუშაობენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები