,,ფარული თვალთვალი და მიყურადება არის უკანონო და ამორალური”- ხატია დეკანოიძე

,,ყველანაირი ჩანაწერი არის ფსკერი და მიუღებელი,” – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, კატასტროფაა, როდესაც ჩანაწერიდან ჩანაწერამდე იქმნება დღის წესრიგი.

„ნებისმიერი ჩანაწერის მოპოვება, გავრცელება და შემდეგ ამ ჩანაწერის შინაარსზე მსჯელობა ჩემთვის არის ამორალური. ჩანაწერები, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და ფარული თვალთვალი და მიყურადება უნდა დასრულდეს, ეს უნდა იყოს დასჯადი ხელისუფლების მხრიდან. მე ამ ჩანაწერს ისევე, როგორც წინას, ვუწოდებ ამორალურს, ყველანაირი ჩანაწერი არის ფსკერი და მიუღებელი, შინაარსში და მსჯელობაში შესვლა ჩემთვის არის მიუღებელი, რადგან თავისთავად ფარული თვალთვალი და მიყურადება არის უკანონო და ამორალური. ამ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა ჩანაწერიდან ჩანაწერამდე იქმნება დღის წესრიგი, ეს არის კატასტროფა და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა, ასევე, პოლიტიკა რომ განდევნილია საქართველოში ამის დასტური,”- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ჩანაწერში გიული ალასანია საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. „ხომ ჩანს ეს ახლა, ამ მასალებს რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე ჩვენ რომ გვაჩვენებს, ხომ რუსები აწვდიან. ახლა უნდათ გახარიაზე მუშაობა. ახლა თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ბევრს ვერაფერს მოიტანს“, – ნათქვამია ჩანაწერში.

 

მსგავსი თემები