,,სააკაშვილს, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ მეხსიერებაში „ჩავარდნები” აქვს, კარგად ახსოვს 2007 წელს „ბუკის” სისტემის შეძენა”- გია ცაგარეიშვილი

,,მიხეილ სააკაშვილს, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ მეხსიერებაში „ჩავარდნები” აქვს, კარგად ახსოვს, რომ 2007 წელს “ბუკის” სისტემა შეიძინა,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ სააკაშვილს ”ისიც ემახსოვრება რამდენი გადაიხადა ქართულმა სახელმწიფომ, მაგრამ არ ამბობს, რადგან თქმა არ აწყობს”.

,,ამ ყველაფერში საკმაოდ დიდი თანხებია გადახდილი, რაც მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის საშუალებები სჭირდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამგვარი საშუალებები ამ ქვეყანას ბევრი და ხარისხიანი ჰქონდეს, რომელსაც მაშინ გამოიყენებს, როცა ამის დრო დაუდგება.

ცხინვალის კატასტროფის შემდეგ ამგვარი შესყიდვები ფაქტობრივად გაჩერებული იყო. განსაკუთრებით აშშ-სთან ურთიერთობა სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვასთან დაკავშირებით აღარ იყო და 2008-2012 წლებში ამ მხრივ ძალიან გვიჭირდა. ეს ყველაფერი 2013-2015 წლებში განახლდა. სწორედ მაშინ შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები – ე.წ. ჯაველინები და არა მხოლოდ – უამრავი რამ, რაც საქართველოს თავდაცვის ძალებს, შს სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურებს სჭირდება.

ამის საჭიროება ქვეყანას მუდმივად უდგას და ჩვენ უზრუნველყოფის თვალსაზრისით არამხოლოდ აშშ-სთან, არამედ სხვა ბევრ ქვეყნებთან ვთანამშრომლობთ და ამ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ – ამაში განსაცვიფრებელი არაფერია!

საქართველო უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს, რაც მის ძალებშია. უკრაინას დიდი გასაჭირი უდგას – ებრძვის ოკუპანტს, პუტინის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც უკრაინას ანადგურებენ. ჩვენ ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, რაც შეგვიძლია ვეხმარებით და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მსგავსი თემები