ბაზრის მოთხოვნები სამუშაოს მაძიებელთა მოთხოვნებს ვერ პასუხობს

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობა შემცირდა და  დასაქმება გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო ბევრმა ფაქტორმა. იცით, რომ ტურისტული და სასტუმრო ბიზნესი კარგად გამოცოცხლდა, მან აანაზღაურა ის დანაკარგები, რაც პანდემიის წლებში იყო. ტურისტების დიდმა შემოდინებამაც გაააქტიურა“,- აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ „დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, რეალურ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დამსაქმებლებს დიდი მოთხოვნა აქვთ სპეციფიკური სპეციალობის უნარების მქონე ადამიანებზე, რისი დეფიციტიც ქვეყანაშია.

„ახალი საწარმოების შექმნა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თუმცა აქ რეალური პრობლემა გვაქვს ის, რომ ჩვენ, დამსაქმებლებს, დიდი მოთხოვნა გვაქვს სპეციფიკური სპეციალობის უნარების მქონე ადამიანებზე, რაც სამწუხაროდ, დეფიციტია“ – აღნიშნა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

კითხვაზე, თუ სამუშაო ადგილები გაიზარდა, ათასოსბით ადამიანი რატომ ეძებს სამსახურს ან რატომ გარბის სხვაგან სამსახურის საძიებლად, ელგუჯა მელაძემ ასე გვიპასუხა:

„ჩვენი დამსაქმებლები, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები არიან, რომ ჰყავდეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ ბიზნესს განავითარებენ, იმ უნარის მქონე იქნებიან, რაც აუცილებელია ამა თუ იმ კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, მათი მოძიება რთულია. ურთულესია მათი სპეციალიზაცია და უნარები. სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც პროფესიულ განათლებას გულისხმობს, ბევრი შეთავაზებაა. ბიუჯეტიდან ფინანსდება პროგრამები, რომ მათ ახალი სპეციალობა მიიღონ და მოერგონ შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სამწუხაროდ, არსებული მართვის პროცესი ვერ გვაძლევს იმ შედეგებს, რაც საზოგადოებას სჭირდება. ბაზარი ითხოვს სხვა რამეს და ბაზრის მოთხოვნები სამუშაოს მაძიებელთა მოთხოვნებს უნდა მოერგოს“ – განაცხადა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები