,,სააკაშვილის სიაში“ აუცილებლად უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური უწყების მაღალჩინოსნები, რომლებიც სააკაშვილს არაადამიანურად მოეპყრნენ”- დეკანოიძე

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „მაგნიტსკის სიაში“ უნდა იყვნენ იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური უწყების მაღალჩინოსნები და სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სხვა პირები.

დეკანოიძე Heritage Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორის, უილიამ ბრაუდერის განცხადებას გამოემაურა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს უპასუხა თხოვნაზე ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის” ახალი სიის წინასწარ შედგენაში დაეხმარებოდა.

„რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ საუბარი დავიწყეთ იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული, უნდა იყოს ისეთ სიაში, როგორიცაა „მაგნიტსკის სიაა“. ამის შემდეგ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მნიშვნელოვნად ვითანამშრომლეთ. საერთაშორისო გამოხმაურება და ჩვენი პარტნიორების ჩართულობა მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო, რა თქმა უნდა, გაცილებით გაიზარდა. მათთვის ახლა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.

უილიამ ბრაუდერის განცხადება გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანი, ვინც დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული, ცნობილი იყოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჩემი წარმოდგენით, ამ სიაში აუცილებლად უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი კადრების გასაჯაროებაზე პასუხისმგებელი პირია, მიხეილ სააკაშვილს არაადამიანურად მოეპყრნენ პენიტენციური უწყების მაღალჩინოსნებიც. სიაში უნდა იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც მესამე პრეზიდენტის მკურნალობაში არიან ჩართულები, მაგრამ არ იღებენ პასუხისმგებლობას.

ბრაუდერის განცხადებას ძალიან ნიშანდობლივად მივიჩნევ, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც „მაგნიტსკის სიის“ არა მხოლოდ ავტორი, არამედ მთელი კამპანიის ფუძემდებელია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე, მისივე თქმით, მას დღევანდელი სასამართლოსგან მოლოდინი მაინც არ აქვს, რადგან ის მთლიანად პოლიტიზებულია.

 

მსგავსი თემები