ალექსეი რეზნიკოვი რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რუსეთის ხელისუფლება საზღვრების ჩაკეტვას და მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებას გეგმავს – „თქვენ ერთი კვირა დაგრჩათ“

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა რუსებისადმი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი გააფრთხილა, რომ რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება.

მისი თქმით, იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება მამაკაცებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს და შემდეგ საომარ მდგომარეობას გამოაცხადებს. რუსულ ენაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში რეზნიკომა ომის მიმდინარეობასა და ბოლო თვეებში რუსეთის არმიის წარუმატებლობებზე ისაუბრა, მათ შორის ხერსონში, კიევთან და ხარკოვთან.

„ახალი წლის წინ მე მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურის ვალდებულება აქვთ. პირველ ყოვლისა, ეს ეხება რუსეთის მსხვილი ქალაქების მცხოვრებლებს. მე ზუსტად ვიცი, თქვენ დაახლოებით ერთი კვირა დაგრჩათ, მანამდე ჯერ კიდევ არის რაღაც არჩევანი. იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება დაკეტავს საზღვრებს მამაკაცებისთვის, შემდეგ კი საომარ მოქმედებას გამოაცხადებს და მობილიზაციის ახალ ტალღას დაიწყებს. საზღვრები დაიკეტება ბელარუსშიც“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მან რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, ნებისმიერი გზით თავი აარიდონ მობილიზაციას.

„ომი თუკი გაჭიანურდება, პირადად თქვენთვის გაიზრდება შანსი, რომ დაიღუპოთ, რადგან მობილიზაციის ახალ ტალღას მომდევნო მოჰყვება, შემდეგ – კიდევ. ხოლო მას, ვინც ბუნკერში ზის, არ ადარდებს, რამდენი რუსი დაიღუპება. მთავარია, რომ მათამდე ვერ მიაღწიონ“, – აღნიშნა მინისტრმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთის ძალები უკვე ნახევარი წელია, უშედეგოდ ცდილობენ, შტურმით აიღონ პატარა უკრაინული ქალაქი ბახმუტი და იქ ათობით ათასი სამხედრო დაკარგეს. ამასთან, როგორც რეზნიკოვი ამბობს, რუსეთის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია, აცნობიერებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება მათ კატასტროფად ექცათ.

„რუსეთის ინტერესებში ამ ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაა“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

„რუსეთის ყველა მოქალაქე, უპირობოდ, ირიბად გადაიხდის ამ გაჩაღებული ომისთვის. ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გამო, რუსეთი იძულებული იქნება, რამდენიმე თაობის განმავლობაში აუნაზღაუროს უკრაინას ზარალი“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მსგავსი თემები