ირანელ ქალს, რომელმაც თეირანში საპროტესტო აქციაზე თავსაბურავი მოიხსნა, თეირანის რევოლუციურმა სასამართლომ “პროსტიტუციის წახალისებისა” და “შეთქმულების ორგანიზებაში” 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ მაჰსა ფეირავს გამამტყუნებელი განაჩენი 25 დეკემბერს გამოუტანა. ის საპროტესტო აქციაზე 17 ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც პროტესტის ნიშნად თავსაბურავი მოიხსნა.
ცნობისთვის საპროტესტო აქციები ირანში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტი 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის “მორალის პოლიციამ” ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა და მასზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველების მიერ ნაცემი ახალგაზრდა გოგო მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.