12 ბავშვი გადაიბირა და მათხოვრობას აიძულებდა… – დანაშაული თბილისის ცენტრში ხდებოდა, დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა

გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარგებლის მიღების მიზნით 12 წლის არასრულწლოვანი გადაიბირა და მას შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

„ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულს აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების ქურდობას. აღნიშნულის შედეგად შეგროვებულ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-იდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მსგავსი თემები