ბახმუტში რუსული ძალების წინსვლის ტემპი ბოლო დღეებში, სავარაუდოდ, შენელდა – ISW

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ბახმუტში რუსული ძალების წინსვლის ტემპი ბოლო დღეებში, სავარაუდოდ, შენელდა, თუმცა ნაადრევია იმის თქმა, მიაღწია თუ არა კულმინაციას რუსეთის შეტევებმა ბახმუტის დასაკავებლად.

ISW-ის ექსპერტების თქმით, რუსი სამხედრო ბლოგერები თავად აღიარებენ, რომ ბახმუტის რეგიონსა და მის მიმდებარე დასახლებებში უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რუსული წინსვლის შენელება, ერთ-ერთი მათგანი კი ამბობდა, რომ უკრაინულმა ძალებმა დააბრუნეს ვაგნერი ჯგუფის მებრძოლები იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ რამდენიმე დღის წინ ეკავათ.

მანამდე, უკრაინული წყაროები წერდნენ, რომ 21 დეკემბერს უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის აღმოსავლეთ გარეუბნიდან მთლიანად გააძევეს რუსული ძალები. ISW-ის შეფასებითვე, ოქტომბრის თვესთან შედარებით, ნოემბერსა და დეკემბერში რუსულმა ძალებმა ოდნავ ნაკლებად შეძლეს წინ წაწევა ბახმუტის რაიონში.

ამერიკელი ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, ბახმუტის რაიონში თავდასხმის ტემპის შესანარჩუნებლად იბრძვიან და შესაძლოა, ტაქტიკური ან ოპერატიული პაუზის დაწყებას შეეცადონ. ISW ბრიტანულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ძალებს ამჟამად არ გააჩნიათ საარტილერიო საბრძოლო მასალის საჭირო მარაგი ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების მხარდასაჭერად

მსგავსი თემები