„ნუ დავიწყებთ ახალ წელს პრეზიდენტის სიკვდილით” – სოფო ჯაფარიძის საგანგებო მიმართვა სალომე ზურაბიშვილს

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად სტარტი ახალმა კამპანიამ  აიღო – რიგით მოქალაქეებთან ერთად,  ექიმები, დიპლომატები, მსახიობები და სხვადასხვა პროფესიის მქონე ცნობილი ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია, ერთი იდეის გარშემო ახალი გეგმით  ერთიანდება.

“დავიწყოთ ახალი წელი ახალი ფურცლიდან, ნაკლები ჩხუბით და იმის გააზრებით, რომ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება”- თქვა “ვივამედთან” ექიმმა და “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრმა, სოფო ჯაფარიძემ, რომელიც კამპანიის ავტორია.

მედიკოსი საქართვეოს მეხუთე პრეზიდენტს მესამის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

„მე მჯერა ქართველი საზოგადოების, მჯერა ადამიანების და მათი ჰუმანურობის. მჯერა, რომ ადამიანებს და პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებსაც აქვთ ქმედების ბერკეტი, შეუძლიათ, მიიონ სწორი გადაწყვეტილება.  სწორედ ამიტომ, მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომ საქართველოში უკეთესი ახალი წელი დადგეს და ახალი წელი ნაკლები მტრობით, შერიგებით და ერთმანეთის პატივისცემით დავიწყოთ”- თქვა სოფო ჯაფარიძემ.

ენმ-ს წევრი აცხადებს, რომ საზოგადოების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა დღეს 18:00 საათზეა ჩანიშნული.

„მე დავიწყე საზოგადოების წარმომადგენლებთან აქტიური მოლაპარაკება, დღეს მაქვს პირველი შეხვედრა 6 საათზე და მე მჯერა და კატეგორიულად ვემიჯნები, რომ ახალი წელი დავიწყოთ ადამიანის სიკვდილით და ადამიანის სიცოცხლისა და უფლების მოსპობით და მჯერა, რომ ბევრი თანამოაზრე მყავს”, – თქვა სოფო ჯაფარიძემ.

ცნობილია, რომ ხვალიდან დაიწყება რეგიონებში გასვლა და კარდაკარ სიარული. ხალხის ხმას და მათ გზავნილებს საახალწლოდ სალომე ზურაბიშვილისთვის შეაგროვებენ.

მსგავსი თემები