სამედიცინო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ წინასწარ მოამზადა არგუმენტები, რითიც უნდა დაერწმუნებინა მოსამართლე, რომ სამი საექსპერტო სტრუქტურის მონაწილეობით ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება არასწორი იქნებოდა.
მისი თქმით, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებების გაკვირვებული და გამოგნებულია.
„ბატონი შალვა ალბათ მოემზადა, რადგან პასუხები ჰქონდა უკვე წინასწარ გამზადებული იმ თვალთახედვით, რა არგუმენტებით უნდა განეხორციელებინა სასამართლო დარბაზში მოსამართლის დარწმუნება, რომ ჩვენი საექსპერტო დაწესებულებების და სამხარაულის სტრუქტურის ერთობლივი მონაწილეობით ექსპერტიზის ჩატარება იქნება არასწორი, არაობიექტური, მთელი რიგი გარემოებების გამო. ბატონი შალვა გადაწვდა როგორც ქალბატონ მაია ნიკოლეიშვილს თავისი არგუმენტებით, გადაწვდა შემდეგ ერთ-ერთ საექსპერტო სტრუქტურას ქალბატონი მარიკა ტოკლიკიშვილის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით. აღნიშნა ქალბატონ მაიაზე, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულია, სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია. რაც შეეხება მეორე სტრუქტურას, განაცხადა, რომ თურმე იმ სტრუქტურის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ახლობლები დააპატიმრეს თუ ბიზნესი წაართვეს და ვერ იქნებოდნენ ისინი ობიექტური. ამ დროს მეგობრები ვართ, ალბათ შემდეგ მიხვდება, საერთოდ რატომ გააჟღერა ჩემი გვარი და ჩვენი საექსპერტო დაწესებულება ცუდ კონტექსტში. მთლიანობაში, მარტივად რომ ვთქვათ, მან ამ საწადელს მიაღწია და სასამართლომ არ დააკმაყოფილა პენიტენციური სტრუქტურის შუამდგომლობა ერთიანი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. ჩემთან მიმართებაში, რბილად რომ ვთქვა, გაკვირვებული და გაოგნებული ვარ, რადგან ბატონ შალვასთან წლები გვაკავშირებს, მე პირადად, არაერთი წელი. დამოუკიდებელი სტრუქტურის არსებობის პირობებში, არაერთი ექსპერტიზა ჩაგვიტარებია ობიექტურად, რეალურად, როგორც ყოველთვის. რამ აიძულა ბატონი შალვა, რომ ამ კონტექსტში მოეხსენებინა ჩემი პერსონა – თურმე მე ძალოვანი სტრუქტურების შეკვეთებზე ვმუშაობ, თურმე პირნათლად ვასრულებ ყველაფერ იმას, რასაც ძალოვანი სტრუქტურები მიმითითებენ და ა.შ.“ – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.