,,მოვამზადოთ სამართლებრივი საფუძვლები, რომ მოხდეს რუსეთის მიერ მოყენებული ზიანის ანაზღაურება”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს.

„პრემიერ-მინისტრი საერთოდ განცხადებასაც კი არ აკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით. პრორუსული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე არაფერს ამბობს. რატომ? იმიტომ, რომ 10 წლის მანძილზე ეს ხალხი გვიმტკიცებდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. 10 წლის მანძილზე ეს ადამიანები ჩვენ გვადანაშაულებდნენ 2008 წლის ომის საომარ მოქმედებებში, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რა თქვა პროკურორმა – პირველი, რომ საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის, იოტისოდენა მტკიცებულებაც კი არ არის საქართველოს დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ და ბრალიც კი არ იქნება წარდგენილი ქართულ მხარესთან მიმართებით. მეორე, ფრაზები „მძინარე ცხინვალს დაესხა თავს საქართველო“ ან „სამშვიდობოების დაბომბვა დაიწყო ქართულმა მხარემ“, ყველაფერი ეს გაქარწყლდა. ცალსახადა და მკაფიოდ, დღეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ბრალეულობა არის“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ იურიდიულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა და მოუწოდა, რომ რადგან ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს არ იცავს, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები პარტიებმა და ორგანიზაციებმა ერთობლივად მოამზადონ.

,,მინდა მივმართო სხვადასხვა ტიპის იურიდიულ ორგანიზაციებს, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა და იქ, სადაც ქართული ოცნება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ იცავს, ჩვენ მოვამზადოთ სამართლებრივი საფუძვლები, რომ ერთის მხრივ, ზიანის ანაზღაურება, არა მხოლოდ 2008 წლის, არამედ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა აგრესიული ქმედებების საფასურად იყოს განხორციელებული რუსეთთან მიმართებაში და მეორეს მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე არ ჩამოვიტანოთ საქართველოს საკითხი”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები