,,ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ გადავარჩინოთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე”- ანა წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,  ანა წითლიძის განცხადებით, საქართველოში პოლარიზაციის დასრულების მთავარი ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტს აქვთ. მისი თქმით, პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო მაგალითი იქნება ის, რომ ადამიანი პატიმრობაში არ მოკლან.

„მინდა აქედან მხნეობა ვუსურვო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენი მოთხოვნა შიმშილობის მეხუთე დღეს რჩება უცვლელი – გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. კარგია, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს პოლარიზების შემცირებაზე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 12 სავალდებულო პუნქტიდან ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ პოლარიზების შემცირება, პოლარიზების შემცირების მთავარი ბერკეტი კი აქვს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს. პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო მაგალითი იქნება, რომ არ მოკლან ციხეში ადამიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც გაყალბებული არჩევნებითაც კი ამ ქვეყანაში ჰყავს 600 ათასი ამომრჩეველი. ამიტომაც, ჩემი მიმართვის ადრესატები იქნებიან ადამიანები, ვისაც აქვთ ბერკეტი, რომ ამ ქვეყანაში დაასრულონ პოლიტიკური ანგარიშსწორება, ზიზღი, შური და ბოღმა -ეს არის ხელისუფლება. პოლიტიკური ანგარიშსწორების ერთ-ერთი ფაქტი არის ისიც, რომ გვერდით მოშიმშილე ადამიანი მიდგას – გენერალი ჯანაშია, რომელიც 10 წელია პოლიტიკურად იდევნება ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ის ასრულებდა უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი, გვინდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, მაშინ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, შურისძიება და ზიზღი. ვიბრძოლებთ ბოლომდე იმისთვის, რომ გადავარჩინოთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე“, – განაცხადა წითლიძემ.

 

 

მსგავსი თემები