„ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა” – ირაკლი ღარიბაშვილი

ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ მონაწილეობს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციის და მედეგობის საჭიროება, ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად.

მთავრობის მეთაურმა ისტორიული ღონისძიების ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის რუმინეთის მხარეს, პროექტის მხარდაჭერისთვის კი ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა.

„მიხარია, რომ დღევანდელი მნიშვნელოვანი შეკრების გამორჩეულ საზოგადოებას მივმართავ. მინდა, მადლობა გადავუხადო რუმინეთის მხარეს ღონისძიების მასპინძლობისა და ორგანიზებისთვის, რომელიც ისტორიული მნიშვნელობისაა. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ურსულა ფონ დერ ლაიენს მისი მხარდაჭერისთვის ამ პროექტის მიმართ.

არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციის და მედეგობის საჭიროება, ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რვა ქვეყნის კარიბჭედ; რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში.

ამიტომ, უმთავრეს პრიორიტეტად ვაქციეთ დაკავშირებადობა და განსაკუთრებული ხედვა შევიმუშავეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის დასაკავშირებლად. ენერგიის, ციფრული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და მოდერნიზაციის მიმართულებით აქტიურად ვახორციელებთ ინვესტიციებს. ეს სექტორები შესაბამისობაში მოგვყავს ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან, ისევე როგორც იმ ვალდებულებებთან, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით, საერთო საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმებითა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ფარგლებში ვიკისრეთ. ევროპის ძირითადი სატრანსპორტო ქსელის გაფართოება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს გვთავაზობს ისეთი სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებსაც ეროვნული და ფართო რეგიონალურ მნიშვნელობას ფლობს.

რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ინიციატივით, მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებადობას გულისხმობს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. დღეს მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ ვადასტურებთ მზაობას მწვანე ენერგიის მიწოდების კონტექსტში მჭიდრო თანამშრომლობაზე.

კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რაც მეზობელ ქვეყნებს შეიძლება, მიაწოდოს. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი მნიშვნელოვან პერსპექტივას გვანიჭებს. ხსენებული პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიას დაუკავშირდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები