„გვინდა, პროცესი გავხადოთ შეუქცევადი და ყველა ოფიცერს ჰქონდეს გარანტია, სამსახურის პერიოდში მიიღებს” – ჯუანშერ ბურჭულაძე

სამხედროებისთვის მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით დაწყებული ახალი საბინაო პროგრამის განგრძობითობა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება.

თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეზე ისაუბრა, რომლის თანახმად, სამინისტრო ვალდებული იქნება, სამხედრო მოსამსახურეთათვის, ყოველ სამ წელში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა.

მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, ბინები მხოლოდ ოფიცერთა შემადგენლობას გადაეცემა, თუმცა, სამომავლოდ, ბინებს მიიღებენ როგორც ოფიცრები, ასევე სერჟანტები.

„ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი გავხადოთ შეუქცევადი, განგრძობითი და ყველა ოფიცერს ჰქონდეს იმის გარანტია, რომ იგი მიიღებს ბინას მისი ოფიცრობის, სამსახურის პერიოდში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მახათას მთაზე მშენებარე ბინები უკვე 1 000-ზე მეტ სამხედრო პირს საკუთრებაში გადაეცა.

„სამომავლოდ, კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით, ბინების გადაცემის პროცესი გაგრძელდება, ამ პასუხისმგებლობას აიღებს სახელმწიფო და ეს იქნება დამატებითი მოტივაცია ყველა სამხედრო პირისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები