„სავალდებულო ჯარის გაწვევის გადავადება ერთი წლის განმავლობაში 10 000 ლარით განისაზღვრა და გადავადების უფლება პირს მხოლოდ ერთხელ მიეცემა” – ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეზე ისაუბრა, რომლის თანახმად გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის განმავლობაში გადავადებისთვის განისაზღვრა 10 000 ლარით.

„გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის განმავლობაში გადავადებისთვის 10 000 ლარით განისაზღვრა. გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება. მაგალითად, შესაძლოა, იყოს ადამიანი, ვისაც მიზეზი არ გააჩნია, თუმცა არ მოხვდეს სავალდებულო ჯარის გასაწვევთა სიაში. 10 000 ლარის სანაცვლოდ ერთი წლის გადავადების შემდეგ, ისევ მოხდება პირის გაწვევა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, უწყებამ სამი წელი ინტენსიურად იმუშავა, რათა თავდაცვის ახალი კოდექსი სამართლიანი ყოფილიყო.

„სამი წელი ინტენსიურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი სამართლიანი ყოფილიყო, რასაც მაქსიმალურად მივაღწიეთ. მე გამაკრიტიკეს სავალდებულო ჯარი რომ არ მაქვს გავლილი, მაგრამ მქონდა ობიექტური მიზეზი – ვიყავი მრავალშვილიანი და სტუდენტობისას სამხედრო კათედრა გავიარე. უკვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები გადავადების შესახებ ძალაში რჩება, როგორიცაა: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები და სხვა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები