,,რუსეთის სამხედრო მიზნებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებიც შედის” – დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინასთან ომში რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო მიზნებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებიც შედის.

მისი თქმით, ლეგიტიმურ სამხედრო მიზნებად ითვლება –  ხიდები, სატრანსპორტო სადგურები, გზები, ენერგეტიკული ობიექტები და ქარხნები.

„რაც შეეხება ლეგიტიმურ სამხედრო მიზნებს, რა უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმურ სამხედრო მიზნებად დღეს? ომის დასახელებული წესების ფარგლებში, ესენია: მტრის ნებისმიერი ჯარი – კანონიერი მებრძოლები და არალეგალური მებრძოლები, რომლებიც ოფიციალურად არ არიან გაყვანილი მისი შეიარაღებული ძალებიდან; მტრის ნებისმიერი სამხედრო და დამხმარე ტექნიკა; სამხედრო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ობიექტი, ისევე, როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს სამხედრო მიზნების მიღწევას – ხიდები, სატრანსპორტო სადგურები, გზები, ენერგეტიკული ობიექტები, ქარხნები, სახელოსნოები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც ასრულებენ სამხედრო შეკვეთებს და ასე შემდეგ; მტრის ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა; სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალები, რომლებიც ოფიციალურად მონაწილეობენ ომში“, – განაცხადა მედვედევმა.

მსგავსი თემები