ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია, სადაც დაგმობილია რუსეთის შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პლენარულ სხდომაზე უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, გენოციდის და ომის დანაშაულებების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი რეზოლუცია წაიკითხა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია, სადაც დაგმობილია რუსეთის შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, გენოციდის აქტები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევა, ძალადობის აქტები, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული სხვა დანაშაულებები.

„ასეთ რეზოლუციებს იღებს ყველა ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროში. არ მაქვს იმედი, რომ ამ რეზოლუციას მიიღებთ, მაგრამ მე მინდოდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოესმინათ, რომ რუსეთი ახორციელებს გენოციდს უკრაინაში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები