გარკვეულწილად, იმიტომ ამირჩიეს პრეზიდენტად, რომ ევროპაში დასაყრდენი მქონდა – სალომე ზურაბიშვილი

“მე ვარ ქალი ორი ქვეყნიდან. გარკვეულწილად იმიტომაც ამირჩიეს, რომ ევროპაში დასაყრდენი მქონდა. ვფიქრობ, სწორედ ამან მოიზიდა ამომრჩეველი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ რადიოსადგურ „არ-ტი-ელთან“ (RTL) ინტერვიუში.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი კავკასიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი საუბრობს პიროვნულ განცდებზე და ამბობს, რომ უცნაური შეგრძნება დაეუფლა, როდესაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტის რანგში დაბრუნდა იმ ქვეყანაში, სადაც გაიზარდა.

“აქ თავს ვგრძნობ, როგორც სახლში. ყოველთვის ვამბობდი და რამდენიმე წლის წინ დაწერილ წიგნშიც აღვნიშნე, რომ ვარ ქალი ორი ქვეყნიდან. დღეს მე ვარ იმ ქვეყნის სამსახურში, რომელიც ჩემმა მშობლებმა, ბებიამ და პაპამ დატოვეს, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა“, – აცხადებს  სალომე ზურაბიშვილი და დასძენს, რომ ქართული წარმომავლობა და ფრანგული განათლება მისი უპირატესობაა, ხოლო საფრანგეთში დაბრუნება – სიმბოლური. 

მსგავსი თემები